ჯუანშერ ბურჭულაძე - არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება
ჯუანშერ ბურჭულაძე - არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება

არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე ისაუბრა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები მნიშვნელოვნად არყევს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას.

„შავი ზღვის რეგიონში მისი პოლიტიკა, მზარდი მილიტარიზაცია, სამხედრო ძალებისა და მისი გამოყენების მზაობის დემონსტრირება მიზნად ისახავს რეგიონში დასავლეთის ინტერესებისა და წვდომის შეზღუდვას, სტაბილურობისა და მშვიდობის ხელყოფას. აღნიშნული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მისი მილიტარიზაცია, იქ არსებული მეშვიდე და მეოთხე სამხედრო ბაზები, ასევე ჰიბრიდული ომების მეთოდებით, მათ შორის „მცოცავი ოკუპაციითა“ და ძალის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მხოლოდ კოორდინირებული მოქმედებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და არსებული რესურსების ეფექტური გამოყენებით არის შესაძლებელი, გაიზარდოს სამხედრო აგრესიაზე პასუხის ხანგრძლივობა და შეიზღუდოს მოწინააღმდეგის მიერ ინტერვენციის განხორციელების შესაძლებლობა.

„ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს, რაც გულისხმობს სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას“, – აღნიშნა მინისტრმა.