ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს უწყებაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. მინისტრი იმყოფებოდა „არმიჰოლში“, სადაც სპეციალური ვაქცინაციის კაბინეტია გახსნილი და ყოველდღიურად სამხედრო მოსამსახურეები იცრებიან.

თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცებს გაესაუბრა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისგან, პოლკოვნიკ ავთანდილ აბაშიძისგან ჯარში მასობრივი იმუნიზაციის შესახებ ანგარიში მოისმინა.

„ამ ეტაპზე თავდაცვის უწყებაში 7 ლოკაცია გვაქვს და აქტიურად მიმდინარეობს უწყების სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პირების აცრა. ჩვენი თანამშრომლების დაახლოებით 25 პროცენტი უკვე ავცერით. ერთადერთი, რაც ჩვენს მოსახლეობას მინდა, ვთხოვო არის, რომ, აცრას მხოლოდ ემოციური ფონი ახლავს, სხვა არაფერი სამედიცინო ჩვენება და გვერდითი მოვლენები არ ახლავს. ჩვენ დღეს ჩინური ვაქცინა გვაქვს, ველოდებით „ფაიზერსაც“, საკმაოდ ინტენსიურად ვიცრებით. ეს ჩვენი, ყველას სამოქალაქო ვალია, რომ გავუზიაროთ, ამ აცრას არ ახლავს არანაირი რისკი, გარდა ემოციური ფონისა, რომელიც უნდა გადავლახოთ. ეს ემოციური ფონი რომც განვითარდეს და ადამიანმა ინერვიულოს, არაფერია, წამიერი მოვლენაა, გაივლის. აქტიური მეთვალყურეობა გვაქვს და ყველა უნდა ჩავერთოთ, ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, შესაბამისად, არავის ვზღუდავთ, ნებისმიერი, ვინც სურვილს გამოთქვამს, დავარეგისტრირებთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.