ჯოზეფ ბორელმა კოსოვოში ორივე მხარეს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა
ჯოზეფ ბორელმა კოსოვოში ორივე მხარეს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კოსოვოში ორივე მხარეს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„მოველით, რომ კოსოვოს ხელისუფლება შეაჩერებს საპოლიციო ოპერაციას, რომელიც ფოკუსირებულია კოსოვოს ჩრდილოეთით მდებარე მუნიციპალურ შენობებზე. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ორ ლიდერთან“, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით მოუწოდა ორივე მხარეს დაძაბულობის დეესკალაციის ზომების მიღებისა და სიმშვიდის აღდგენისკენ.

„საკმარისია ძალადობა. ჩვენ უკვე ვხედავთ ძალიან ბევრ ძალადობას ევროპაში. ჩვენ ვეღარ გავუძლებთ კიდევ ერთ კონფლიქტს. იმედი მაქვს, ჩემს ხმას მოისმენენ და ხალხი ამ თხოვნის შესაბამისად მოიქცევა“, – განაცხადა ბორელმა.

მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. სერბებმა არ მიიღეს მონაწილეობა აპრილში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში და უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე. ვითარების ესკალაციის გამო, კოსოვოს ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქებში, ადმინისტრაციულ შენობებთან ნატო-ს ძალები განათავსეს. ჩრდილოეთ კოსოვოში სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას ნატო-ს სამშვიდობო მისიის 30 სამხედრო დაშავდა, ასევე, სერბი დემონსტრანტების მხრიდან შეტაკებებისას დაშავდა 52-ზე მეტი ადამიანი. მათგან ერთი – კრიტიკულ, ხოლო ორი მძიმე მდგომარეობაშია.