ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა მიიღო ახალი შემზღუდავი ზომები, რომლებიც გაერთიანებას სანქციების დაწესების შესაძლებლობას აძლევს მათ წინააღმდეგ, ვინც მოლდოვაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა მიიღო ახალი შემზღუდავი ზომები, რომლებიც გაერთიანებას სანქციების დაწესების შესაძლებლობას აძლევს მათ წინააღმდეგ, ვინც მოლდოვაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს

ევროკავშირმა შემზღუდავი ზომების ახალი ჩარჩო მიიღო, რომელიც გაერთიანებას სანქციების დაწესების შესაძლებლობას აძლევს მათ წინააღმდეგ, ვინც მოლდოვაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.

მისი განმარტებით, ახალი შეზღუდვები დაწესდება იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან მოლდოვაში დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის არჩევნების ჩატარებას.

ბორელის თქმით, მოლდოვა არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის შედეგებით.

„ჩვენ მოწმე ვართ, თუ როგორ ცდილობენ დესტაბილიზაციას მოლდოვაში. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი ევროკავშირის მხრიდან მოლდოვის მხარდასაჭერად დღეს არსებულ რთულ კონტექსტში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მოლდოვამ ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ წარსულშიც მოუწოდა, რაც იმ პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული, რომლებიც რუსეთს ქვეყანაში არეულობის მოწყობაში ეხმარებიან.