ჯოზეფ ბორელი - შეშფოთებული ვადევნებ თვალს რუსეთში მოვლენების განვითარებას
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთში გამართულ აქციებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას შეშფოთებით ადევნებს თვალს. ამის შესახებ განცხადება უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„შეშფოთებული ვადევნებ თვალს რუსეთში მოვლენების განვითარებას. მწუხარებას გამოვთქვამ მასობრივი დაკავებების, არაპროპორციული ძალის გამოყენების, ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის გათიშვის გამო“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
მისივე თქმით, რუსეთში გამართული საპროტესტო აქციების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს დაგეგმილ საბჭოზე განიხილავენ და ევროკავშირის საპასუხო ნაბიჯებზე იმსჯელებენ.
დღეს რუსეთის არაერთ ქალაქში, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიციამ დემონსტრანტების ნაწილი დააკავა.