ჯოზეფ ბორელი - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა გამონახოს
ჯოზეფ ბორელი - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა გამონახოს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა და არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის გზა გამონახოს, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მდგრადი აღდგენისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და განახორციელოს უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი.

„ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ წინსვლას რეფორმების გზით, ისევე, როგორც იმ ერთგულებას, რომელსაც საქართველო იჩენს ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა და არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის გზა გამონახოს. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მდგრადი აღდგენისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და განახორციელოს უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ასევე კარგად ვთანამშრომლობთ ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შესათანხმებლად, რომ მომავალი წლებისთვის მოვემზადოთ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა.

ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დღეს გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით.

დოკუმენტი ასკვნის, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევდა არჩეულ ევროპულ გზას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებდა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვას.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საუბრობს მის აქტიურ ჩართულობაზე კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. ანგარიშში ხაზგასმულია ასევე მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან ძალზე დადებითი შეფასება და მხარდაჭერა აქვს. ანგარიში დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ გაუმჯობესებულ სტატისტიკას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებზე მიერთების მხრივ, რაც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე პოზიციების თანხვედრაზე მიუთითებს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად შემცირებული ვაჭრობისა, ევროკავშირი როგორც ერთიანი სავაჭრო ბლოკი, რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქვეყანა აგრძელებს ძალისხმევას ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის აღიარების კუთხით.