ჯოზეფ ბორელი - რუსმა ჯარისკაცებმა ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ საზარელი სისასტიკე ჩაიდინეს, ეს არაადამიანური, ბარბაროსული ქმედებაა
რუსმა ჯარისკაცებმა ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ საზარელი სისასტიკე ჩაიდინეს, ეს არაადამიანური, ბარბაროსული ქმედებაა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ყველა ზომას უკრაინაში რუსული აგრესიის დროს ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.
„ელენოვკაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთმა მოკლა ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე, მათ შორის მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნის დამცველები, რომლებიც ჩაბარდნენ რუსეთს, დარეგისტრირებულნი იყვნენ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მიერ და იმყოფებოდნენ რუსეთის იურიდიული დაცვის ქვეშ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით. მტკიცებულებები შემზარავი ვიდეოკადრების სახით დღეს ფართოდ გავრცელდა პროკრემლისტურ სოციალურ ქსელებში, სადაც რუსი ჯარისკაცები უკრაინელ სამხედრო ტყვეების მიმართ საზარელ სისასტიკეს სჩადიან. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების და მათი მარიონეტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს. ეს არაადამიანური, ბარბაროსული ქმედებები წარმოადგენს ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი პროტოკოლის სერიოზულ დარღვევას; წარმოადგენს ომის დანაშაულს. ომის დანაშაულებისა და სხვა მძიმე დარღვევების ჩამდენი პირები, ასევე ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო წარმომადგენლები პასუხს აგებენ“, – თქვა ბორელმა.