ჯოზეფ ბორელი - პატივს ვცემთ გაერო-ში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რათა მათი ეფექტურობა არ დაიკარგოს
ჯოზეფ ბორელი - პატივს ვცემთ გაერო-ში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რათა მათი ეფექტურობა არ დაიკარგოს

პატივს ვცემთ გაერო-ში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ ასევე გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რათა მათი ეფექტურობა არ დაიკარგოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა.

ამასთან, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმზე.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. ადვილად შეგიძლიათ, წარმოადგინოთ, რაზე ვისაუბრეთ. სანქციების აღსრულება, რომ სანქციების ეკონომიკური ზეგავლენის თავიდან არიდება არ მოხდეს, როგორ შეიძლება სანქციები წარმოდგენილი იყოს ზოგჯერ საქართველოს პოლიტიკურ დებატებში, ასევე სეპარატისტულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ გავუზიარეთ პრემიერს შეშფოთება რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვაღიარებთ და გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. და ბოლოს, სხვანაირად ვერც იქნებოდა, რომ არ გვესაუბრა ახლახან გაკეთებული წევრობის განაცხადის პერსპექტივაზე. შეფასება, რომელსაც კომისია მოამზადებს შემდგომ კვირებში და რაც მასთან ერთად განვიხილეთ, არის ის, რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა და ის მოითხოვს რეფორმების გაზრდილ ტემპს, რომ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ბიძგი იყოს რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო.

კომისია როდესაც შეფასებას გააკეთებს, საქართველოს თხოვნა მხედველობაში იქნეს მიღებული, კარგი მომენტია რეფორმების ტემპის გასაზრდელად. ნება მომეცით, თარიღებზე არ ვისაუბრო, მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რეფორმები, რომლებზეც ჩვენგან ისმენთ, საკვანძოა რეფორმებს შორის. ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული, რომელიც დამოკიდებულია დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე სრული ანგარიშვალდებულებით, რომელსაც მოქალაქეების სრული ნდობა აქვს და ამას ვითხოვთ ნებისმიერი კანდიდატისგან. დიახ, ვგულისხმობ სანქციებს რუსეთის მიმართ, უკრაინის ომიდან გამომდინარე. ჩვენ ძალიან პატივს ვცემთ გაერო-ში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია ეს თქვენთვის, რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ ასევე გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რომ სანქციების ეფექტურობა არ დაიკარგოს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.