ჯოზეფ ბორელი - ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ შევსებული კითხვარის შეფასებას ძალიან მალე წარუდგენს
ჯოზეფ ბორელი - ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ შევსებული კითხვარის შეფასებას ძალიან მალე წარუდგენს

ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ შევსებული კითხვარის შეფასებას ძალიან მალე წარუდგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკომისია სწავლობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადს და მალე, ჩვენი სტანდარტებით ძალიან მალე წარუდგენს საბჭოს თავის შეფასებას. მე ვამბობ სწრაფად, რადგან ამგვარ პროცედურებს წლები სჭირდება. პირველი ორი ნაბიჯი – კითხვარის წარდგენა, პასუხების გაცემა და მათი შესწავლა ევროკომისიის მოსაზრების წარსადგენად უკრაინის შემთხვევაში სინათლის სიჩქარით ხდება, სხვა პროცესებთან შედარებით“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟურნალისტის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირის გაწევრიანების პროცესს უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან კავშირი არ აქვს.