ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას, – ამის შესახებ მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, დამატებით 500 მილიონის გამოყოფას ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული, რომელსაც სჩადიან რუსეთის შეიარაღებულ ძალები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ. სწორედ ამიტომ მივესალმებით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასევე მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გამოძიებას და შეგახსენებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განკარგულებას რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს ინტერვენცია უკრაინაში“, – განაცხადა ბორელმა.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს, ბორელის განცხადებით, მინისტერიალზე ზოგიერთმა ქვეყანამ დააყენა ენერგორესურსების საკითხი, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დღე არ ყოფილა. ამასთან, მისი თქმით, მინისტრებმა გააანალიზეს შესაძლო შემდგომი ზომები. შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიმდინარე კვირაში დაამტკიცოს და გავრცელდება თუ არა ახალი ზომები ენერგეტიკის სექტორზე, ბორელმა უპასუხა, რომ არ ფიქრობს, სანქციებთან დაკავშირებით ფორმალური გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში იქნას მიღებული.

„სანქციების ფორმალური დამტკიცება საჭიროებს პროცედურებს და არ ვფიქრობ, რომ ამ კვირის განმავლობაში მოხდება ამ სანქციების ფორმალური მიღება ჩვენი პროცედურების შესაბამისად. რა თქმა უნდა, როდესაც ევროკავშირის საბჭო კვლავ განიხილავს უკრაინაში შექმნილ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ისინი კვლავ იმსჯელებენ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი დამატებით სანქციების კუთხით. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკავშირის საბჭო იძლევა პოლიტიკურ სახელმძღვანელოს, რომელიც შემდგომ გარდაიქმნება იურიდიულად სავალდებულო პრაქტიკულ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებად ტექნიკური უწყებების მიერ. არ ვფიქრობ, რომ იქნება გადაწყვეტილება სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით ფორმალური, თუმცა რა თქმა უნდა, ევროკავშირის საბჭო გასცემს სახელმძღვანელოს სამომავლო მოქმედებების შესახებ“, – განაცხადა ბორელმა.