ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს სურთ ევროკავშირთან დაახლოება და მასში გაწევრიანება
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს სურთ ევროკავშირთან დაახლოება და მასში გაწევრიანება

ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობებს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. ჩვენ ამ რეგიონს განვიხილავთ პრიორიტეტად ჩვენი მხარდაჭერისა და ვალდებულებების მხრივ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს სურთ ევროკავშირთან დაახლოება და მასში გაწევრიანებაც კი. ხშირად, ჩვენ ევროკავშირში, როგორც თავისთავად არსებულს განვიხილავთ იმას, რისი შექმნაც შევძელით – კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ყველასთვის შესაძლებლობის ზონა. ჩვენი კავშირი არ არის იდეალური, თუმცა მისი წევრობა ბევრი ქვეყნისთვის განიხილება, როგორც სტრატეგიული მიზანი, რაც ჩვენთვის დიდი კომპლიმენტია. მე წარმოშობით ესპანელი ვარ და შემიძლია, გითხრათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ჩვენ ძალიან გვინდოდა მისი ნაწილი გავმხდარიყავით, რადგან გვესმოდა, რომ ეს იყო უკეთესი და უფრო უსაფრთხო მომავლისკენ გზა. მე მივესალმები უფრო მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის, ასევე მათ სწრაფვას ევროკავშირთან უფრო ძლიერი თანამშრომლობისკენ“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ უკიდურესად მნიშვნელოვანი ასპექტი არის კავშირების შენება არა მხოლოდ ევროკავშირსა და მის პარტნიროებს შორის, არამედ თავად ამ პარტნიორებს შორისაც.

„ეს არის კარგი, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორების ფარგლებში, არამედ გვაქვს ასევე ასოცირების შეთანხმებები, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ამ შეთანხმების სრულად შესრულება საკვანძოა, რათა გამოყენებული იქნას ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. მაგალითად, სავაჭრო ბრუნვის ზრდა, უფრო მეტი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ასევე დეზინფორმაციის, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა, გარემოს დაცვისა და კავშირის სფეროში თანამშრომლობა. ნება მიბოძეთ, ასევე განვაცხადიო, რომ ევროკავშირთან დაახლოება მოითხოვს ყველა მხარის მუშაობას. იცით, რომ თითოეულ თქვენს ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებიც საჭიროებს დეტალურ და სიღრმისეულ გაუმჯოსებებას. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ დავაახლოვოთ კანონმდებლობა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა და განვავითაროთ ერთობლივი მუშაობა, თუ ეს რეფორმები სრულად განხორციელდება და ამოქმედდება. ევროკავშირი პატივისცემით დგას თითოეული თქვენგანის გვერდით ამ ძალისხმევაში და მხარს გიჭერთ პოლიტიკურად და ფინანსურად“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელი არის მნიშვნელოვანი „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“.

ევროკომისიასთან ერთად, ჩვენ ვართ 2020 წლის დღის წესრიგის ანალიზის დასრულების პროცესში. ეს დღის წესრიგი მოიცავდა კონკრეტულ შედეგებსა და მიზნებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, დეკემბერში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ავამოქმედოთ ახალი დღის წესრიგი და შევათანხმოთ საერთო სამომავლო ხედვა. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების განვითარებას ინკლუზიურობისა და დიფერენცირების პრინციპების საფუძველზე. ეს საჭიროებს მოქნილობას ორივე მხრიდან. ასე რომ, მე თქვენი – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებთ სრულ და კონსტრუქციულ როლს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდე თქვენთან ვიზიტით და გაგიზიაროთ პრობლემები და მიზნები“, – დასძინა ჯოზეფ ბორელმა.

დატოვე კომენტარი