ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მდგრადობის გასაძლიერებლად
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მდგრადობის გასაძლიერებლად

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერაზე მიმდინარე რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგებზე.

„ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მდგრადობის გასაძლიერებლად. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ვალდებულებას, კიდევ უფრო გააღრმაონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მიაღწიოს კონკრეტულ და სწრაფ პროგრესს რეფორმების მნიშვნელოვან პრიორიტეტებში, განსაკუთრებით შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი დაძლევის, სასამართლო სისტემის რეფორმისა და შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების მიღების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.