ჯოზეფ ბორელი - დემოკრატიულ ღირებულებებს რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს
ჯოზეფ ბორელი - დემოკრატიულ ღირებულებებს რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს

იმას, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ – ლიბერალურ ღირებულებებსა და დემოკრატიას – რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის რეჟიმმა ევროკავშირთან კონფრონტაციის კურსი აირჩია და ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„მოსკოვში ორი მიზნით ჩავედი, პირველი – რათა გამომეხატა შეშფოთება ალექსეი ნავალნის საქმესთან და დემონსტრანტების დარბევასთან დაკავშირებით, ასევე იმის დასადგენად, არსებობდა თუ არა ადგილი პოზიტიური დღის წესრიგისთვის, მაგრამ მათი აგრესიული რეაქციები გვაჩვენებს, რომ ისინი დემოკრატიულ ღირებულებებს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამენ და როგორც კი მაგიდაზე დადებ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს, მაგალითად, ამ შემთხვევაში ნავალნის საქმეს, ისინი ბლოკავენ ნებისმიერი სახის პოზიტიური მიდგომას. პუტინის რეჟიმი იყენებს ყველა შესაძლებლობას, მათ შორის დეზინფორმაციას, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. იბრძვიან ოპოზიციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საჭიროა სანქციებით რუსეთზე ზეწოლის მოხდება, სამოქალაქო საზოგადოებისა და მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერა და კიბერთავდასხმების მოგერიება.

„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მეზობელ ქვეყნებს, რომ გაუძლონ რუსეთის ზეწოლას. ჩვენი სამეზობლოა ბელარუსიდან დაწყებული კავკასიამდე“, – განაცხადა ბორელმა.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა.