ჯოზეფ ბორელი - დარწმუნებული ვარ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება დღეს მოხერხდება
ჯოზეფ ბორელი - დარწმუნებული ვარ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება დღეს მოხერხდება

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება დღეს მოხერხდება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს განვიხილავთ, თუ როგორ უნდა შევთანხმდეთ სანქციების მეექვსე პაკეტზე. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. გუშინ საღამოს და დღეს დილით, ევროკავშირის ელჩები ხვდებიან ერთმანეთს და ყველა ვცდილობთ, ვუბიძგოთ, რომ შეთანხმება მეექვსე პაკეტზე მიღწეული იყოს დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება გვექნება“, – განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების მეექვსე პაკეტი რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ითვალისწინებს, რის წინააღმდეგაც ღიად გამოდის უნგრეთი.