ჯოზეფ ბორელი - აუცილებელია რეგიონულ კონფლიქტში ლიბანის ჩათრევის თავიდან აცილება
ჯოზეფ ბორელი - აუცილებელია რეგიონულ კონფლიქტში ლიბანის ჩათრევის თავიდან აცილება

აუცილებელია რეგიონულ კონფლიქტში ლიბანის ჩათრევის თავიდან აცილება, – ამის შესახებ ლიბანში ვიზიტისას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მან შეშფოთება გამოთქვა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ორმხრივი ცეცხლის გააქტიურების გამო.

„აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება. აბსოლუტურად აუცილებელია ლიბანის რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის თავიდან აცილება“, – აღნიშნა ბორელმა.

დღეს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან ათობით რაკეტა ისროლეს. რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა ლიბანურმა შიიტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის პირველადი პასუხი გასულ კვირას „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობაზე.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ის მიიჩნევს, რომ დიპლომატიას შეუძლია გამარჯვება.

„მე ვუგზავნი ამ გზავნილს ასევე ისრაელს, არავინ მოიგებს რეგიონული კონფლიქტიდან“, – განაცხადა ბორელმა.

ევროპელი დიპლომატის თქმით, ევროკავშირი არ დაიშურებს ძალისხმევას, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გამოსავალი რეალობად იქცეს.

„ომსაც კი აქვს კანონები და არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რომელიც უნდა იყოს დაცული. როგორც მრავალჯერ ვთქვი, ერთი საშინელება არ ამართლებს მეორეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ მშვიდობას შეუძლია, მოიტანოს უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში“, – განაცხადა ბორელმა.