ჯოზეფ ბორელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ჯოზეფ ბორელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი განსახილველი თემა კანდიდატის სტატუსი იყო.

„ცხადია, ჩვენი მხრიდან მთავარი მესიჯი იყო, რომ საქართველოს დღეს ძალიან სჭირდება კანდიდატის სტატუსი. მას ვთხოვეთ მხარდაჭერა ამ პროცესში, რომ ევროკავშირის მხრიდან ოქტომბერში იყოს რეკომენდაცია და დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილება იმის სასარგებლოდ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ბორელის მხრიდანაც მესიჯი იყო, რომ ეს არის ორმხრივი პროცესი, ევროკავშირსაც ძალიან სურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და ევროინტეგრაციის პროცესზე დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ბორელმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციები ჯერ კიდევ შესასრულებელია და საქართველოსგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან, რომ ჩვენც დავეხმაროთ პროცესში, რათა მათი გადაწყვეტილება იყოს დადებითი“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

ნინო დოლიძის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხსაც.

„საქართველოს პრეზიდენტი როდესაც ამბობს, რომ მისი ვიზიტები საქართველოს ევროინტეგრაციას ემსახურება, ამ შემთხვევაში ეს მათთვისაც გასაკვირია. პირიქით, ელოდებიან, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა შტო ერთად უნდა იყვნენ ევროინტეგრაციის ადვოკატირების პროცესში. ამიტომ მათთვის უცხოა ეს დაპირისპირება, პირიქით, ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის, პრეზიდენტის თუ ოპოზიციის ერთობას ელოდებიან. მათი მესიჯი იყო, რომ დარჩენილი ნაბიჯები უნდა გადადგათ ერთად“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

ამასთან, როგორც ნინო დოლიძემ აღნიშნა, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი გზავნილები მოისმინა.

„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ მხარს უჭერენ სამოქალაქო საზოგადოებას და ფიქრობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ერთ-ერთი მთავარი ევროინტეგრაციის პროცესში. ეს შეხვედრაც იყო ამისი დადასტურება, რომ ბორელი საქართველოდან არ მიდის სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის გარეშე“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.