ჯოზეფ ბორელი - ახლა უკვე გვაქვს გეგმა, ავკრძალოთ რუსული ნავთობის 90%-ის იმპორტი ევროკავშირში, სანქციების მეექვსე პაკეტი დამატებით სირთულეებს შექმნის რუსეთისთვის
ჯოზეფ ბორელი - ახლა უკვე გვაქვს გეგმა, ავკრძალოთ რუსული ნავთობის 90%-ის იმპორტი ევროკავშირში, სანქციების მეექვსე პაკეტი დამატებით სირთულეებს შექმნის რუსეთისთვის

ჩვენ შევთანხმდებით და ახლა უკვე გვაქვს გეგმა, ავკრძალოთ რუსული ნავთობის 90%-ის ევროკავშირში იმპორტი წლის ბოლომდე. წლის ბოლოს ჩვენ ვიყიდით 90%-ით ნაკლებ რუსულ ნავთობს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის მეორე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის მისაღებად გონივრული გამოსავალი იპოვეს და საბოოლოოდ ლიდერებმა საკითხის გადაჭრა შეძლეს.

ამასთან, როგორც ბორელმა განმარტა, სანქციების პაკეტი მოიცავს არა მხოლოდ ნავთობის ემბარგოს, არამედ სამ მნიშვნელოვან რუსულ ბანკს.

„გარკვეული შეღავათი იმოქმედებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე. ეს გონივრული გამოსავალია. ამ შაბათ-კვირას ჩვენ ძალიან რთულ დისკუსიაში ვიყავით ჩართული ევროკავშირის მინისტრებთან და ელჩებთან ერთად. საბოლოოდ ლიდერებმა შეძლეს ბოლო საკითხის გადაჭრა. შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მიღებულია. ის ეხება არა მხოლოდ ნავთობის ემბარგოს, არამედ სამ მნიშვნელოვან რუსულ ბანკს, რომლებიც „სვიფტიდან“ გაითიშებიან. ეს შექმნის დამატებით სირთულეებს რუსეთის ეკონომიკისთვის. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ და კიდევ ერთი ერთიანობის მაგალითი. შეთანხმების მიღწევას დიდი დრო სჭირდება ევროპაში, რადგან ჩვენ ერთიანობა გვჭირდება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს.