ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სახელწოდებით „სტრატეგიული კომპასი“ დაამტკიცეს
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სახელწოდებით „სტრატეგიული კომპასი“ დაამტკიცეს

ევროკავშირი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი სახელწოდებით „სტრატეგიული კომპასი“ დაამტკიცეს. ამის შესახებ მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„დღეს საბჭომ დაამტკიცა „სტრატეგიული კომპასი“ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ერთობლივი სესიის დროს. ორწლიანი სამუშაოს შემდეგ სტრატეგიული კომპასი საბოლოოდ დამტკიცებულია. მე არ მინდოდა ბოროტად გამომეყენებინა სიტყვა „ისტორიული“, რომელსაც ხშირად ვიყენებთ აქ, ბრიუსელში. თუმცა ეს ნამდვილად არის გარდამტეხი მომენტი ევროკავშირისთვის, გაერთიანებისთვის, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისთვის. ვფიქრობ, ამ დოკუმენტის მიღება აგზავნის ერთიანობისა და სიმტკიცის ძლიერ სიგნალს. მისი დამტკიცება მოხდა ძალიან მნიშვნელოვან დროს, რადგან ჩვენ ნამდვილად გვჭირდებაჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, ეს არ არის პასუხი უკრაინაში მიმდინარე ომზე.

„ჩვენ ამ დოკუმენტზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ, თუმცა ძალიან დროულია, რომ ჩვენ დავამტკიცეთ „სტრატეგიული კომპასი“ ისეთ დროს, როდესაც ევროპის ყველა მოქალაქეს შეუძლია გააცნობიეროს დოკუმენტის მიზანი, რომელიც მიმართულია ევროკავშირის როგორც უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი გაერთიანების გაძლიერებისკენ.

როგორც აღვნიშნე, ეს არის ორწლიანი დიდი შრომის შედეგი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, საგარეო ქმედებათა სამსახურს და ასევე ყველა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, რომლებიც მუშაობდნენ ამ დოკუმენტზე მთელი ამ დროის განმავლობაში.

ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ ამ დოკუმენტზე. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის პასუხი ბოლო დროს განვითარებულ საერთაშორისო მოვლენებზე, კერძოდ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე. ეს არის პასუხი იმაზე, რომ ევროკავშირი უნდა იყოს უფრო მეტად ჩართული, წევრი ქვეყნების ძალისხმევა უნდა იყო უფრო მეტად კოორდინირებული, რათა ერთად ყველა ჩვენი შესაძლებლობები გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ნატო-სთან ერთად, რათა ევროპა უფრო ძლიერი გახდეს.

როდესაც „სტრატეგიული კომპასის“ პროექტი წარვადგინეთ ნოემბერში, ვთქვი, რომ ევროპა საფრთხეშია და მაშინ ბევრს ეგონა, რომ ეს არის „პროდუქტის გაყიდვის“ მეთოდი, რათა ხალხის ყურადღება მიგვეპყრო. თუმცა, ვფიქრობ, დღეს ყველა დარწმუნებულია, რომ ევროპა საფრთხეშია, რომ ეს არ არის რიტორიკა. პირიქით, უკრაინაში მიმდინარე ინტერვენცია, ომი, არის ევროპაში გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ტექტონიკური ძვრა. ჩვენმა რეაგირებამ ამ ომზე აჩვენა, რომ ჩვენ როგორც ევროკავშირმა, შეგვიძლია ვიმოქმედოთ ერთიანად და მტკიცედ და ამ კომპასის მიღებამ დაამტკიცა ეს შესაძლებლობა“,- განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, „სტრატეგიული კომპასი“ დაეხმარება ევროკავშირს, გააძლიეროს მოქმედების უნარი კრიზისებზე საპასუხოდ და ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მინისტრებმა ასევე მხარი დაუჭირეს სწრაფი რეაგირების ძალების ინიციატივას, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს ხუთი ათასი სამხედროს მობილიზება მოახდინოს.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირის სამხედროები ჩაატარებენ ერთობლივ წვრთნებს, რაც არასდროს მომხდარა აქამდე. ასევე, მისივე თქმით, ევროკავშირს ექნება უფრო უკეთესი ინსტრუმენტები კიბერუსაფრთხოებაზე, უცხოურ ჩარევებსა და ინფორმაციულ მანიპულაციებზე რეაგირებისთვის.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირს ასევე ექნება საშუალება მხარი დაუჭიროს „თავის პარტნიორებს და იყოს უკეთესი პარტნიორი“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროპის ტერიტორიული თავდაცვის ქვაკუთხედად კვლავ ნატო რჩება.

დატოვე კომენტარი