ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შესაძლოა, უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შესაძლოა, უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შესაძლოა, უკრაინელი სამხედროებისთვის სამხედრო სასწავლო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა ეს სასწავლო მისია, რომელსაც მინისტრები განიხილავენ. ვფიქრობ, დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გლობალური პოლიტიკური შეთანხმება. იმედი მაქვს, რომ ამ მისიას პოლიტიკური მწვანე შუქი მიეცემა“,- აცხადებს ბორელი.

როგორც „ბიბისი“ წერს, სად განთავსდება სამხედრო სასწავლო მისია და რა უფლებამოსილებები ექნება მას, ჯერჯერობით უცნობია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს, პრაღაში იკრიბებიან უკრაინაში რუსეთის აგრესიის განსახილველად. განხილვის ერთ-ერთი თემა უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადებისთვის სასწავლო მისიის შექმნა იქნება. დღესვე, ჩეხეთის დედაქალაქში საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეიკრიბებიან, რომლებიც რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.