ჯორჯო არმანიმ კორონავირუსთან საბრძოლველად იტალიური კლინიკებისთვის მილიონ ევროზე მეტი გამოყო
ჯორჯო არმანიმ კორონავირუსთან საბრძოლველად იტალიური კლინიკებისთვის მილიონ ევროზე მეტი გამოყო

იტალიელმა დიზაინერმა, ჯორჯო არმანიმ კორონავირუსთან საბრძოლველად და იტალიური საავადმყოფოების დასახმარებლად მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რეიტერი“ (Reuters) ავრცელებს.

კერძოდ, „არმანი გრუპმა“ მილანის ორი, რომის ერთი საავადმყოფოსა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის დასახმარებლად 1,25 მილიონი ევრო გაიღო.

გასულ თვეში არმანის მოდის სახლის ჩვენება მილანში მაყურებლების გარეშე, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. ასევე, კომპანიამ ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე თავისი ქარხნები ერთი კვირით დახურა. ამჟამად, „არმანი გრუპის“ თანამშრომლები მუშაობას შინიდან განაგრძობენ, საწარმოები კი, თანამშრომლების მინიმალური რაოდენობით მუშაობენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 366-დან 7375-მე გაიზარდა. ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტების ჭარბ რაოდენობასთან გამკლავება უჭირთ.

იტალიის მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ლომბარდიის რეგიონი და მისი მეზობელი ვენეტოს რეგიონის ნაწილი ჩაკეტა, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს.