ჯორჯიის შტატში დღეს სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ჯორჯიის შტატში დღეს სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ჯორჯიის შტატში დღეს სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. სწორედ 5 იანვრის არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებენ თუ არა სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები.

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯორჯიაში აქციები გამართეს.

როგორც ატლანტაში ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებს განუცხადა, ჯორჯიის არჩევნების შედეგები განსაზღვრავს კურსს არა მხოლოდ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, არამედ მთელი მომავალი თაობისთვის. მან აღნიშნა, რომ ჯორჯიის შტატში 3 ნოემბერს ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა.

„ახლა ჩვენ კვლავ გვჭირდება თქვენი რეკორდული რაოდენობის ხმა“, – აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.

მოქმდმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ამომრჩეველთან შეხვედრა შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დელტონში გამართა. მან კიდევ ერთხელ უარყო 3 ნომბერს არჩევნების წაგება. მან საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ გაყალბებული უწოდა.

„არ არსებობს, რომ ჩვენ ჯორჯიაში წავაგეთ. მე ორ არჩევნებში ვმონაწილეობდი და ორივეში გავიმარჯვე“, – აღნიშნა ტრამპმა.

„დემოკრატები ცდილობენ, თეთრი სახლი მოგვპარონ, თქვენ ეს არ უნდა დაუშვათ. თქვენ უბრალოდ ვერ დაუშვებთ, რომ მათ აშშ-ის სენატი მოიპარონ“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.

3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად კონგრესის წარმოამდგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატებმა შეინარჩუნეს და სპიკერად კვლავ დემოკრატი ნენსი პელოსი აირჩიეს. 6 იანვარს, კონგრესში ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე არჩევნების შედეგების ფორმალური დამტკიცება იგეგმება.