ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაცია - არჩევნების გაყალბებას ვინმე თუ აპირებდა, მაშინ კანდიდატების შედეგებს შორის სხვაობა ასე მცირე არ იქნებოდა
ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაცია - არჩევნების გაყალბებას ვინმე თუ აპირებდა, მაშინ კანდიდატების შედეგებს შორის სხვაობა ასე მცირე არ იქნებოდა

აშშ-ის ჯორჯიის შტატში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების დათვლა 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამის შესახებ განცხადება ჯორჯიის შტატში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გებრიელ სტერლინგმა გააკეთა.

„ჩვენ ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება ხმების დათვლის პროცესი, ტექნიკურად ამისთვის ვადა 13 ნოემბრამდე გვაქვს“, – განაცხადა სტერლინგმა.

მისივე თქმით, ხმების დათვლა გაჭიანურდა, რადგან შტატის საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად, 20 წლის განმავლობაში ქაღალდის ბიულეტენებს ითვლის. მან ასევე უარყო ინფორმაცია, რომ არჩევნებზე თაღლითობას აქვს ადგილი.

„ვფიქრობ, თუ ვინმე არჩევნების გაყალბებას აპირებდა, მაშინ კანდიდატების შედეგებს შორის სხვაობა ასე მცირე არ იქნებოდა“, – განაცხადეს ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯია ერთ-ერთია იმ ხუთ შტატს შორის, სადაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ გამოვლენილა. ხმების დათვლა გრძელდება. ამ ეტაპზე, 12 768 ხმით დონალდ ტრამპი ლიდერობს.