„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, საოპერაციო ცენტრი „ჯივიპის“ ახალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს წყალმომარაგების სერვისი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის.

კომპანიის ცნობით, შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით აღჭურვილი თითოეული საოპერაციო ცენტრი კონკრეტული უბნების წყალმომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც გაამარტივებს საოპერაციო პროცესებს და შეამცირებს რეაგირების დროს.

ამასთან, საოპერაცია ცენტრები წყალმომარაგების სერვისების ეფექტური და ოპერატიული მართვის ევროპული მოდელია, რომელიც „ჯივიპის“ ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანია Aqualia-ს მისი მართვის ქვეშ არსებულ 17-ვე ქვეყანაში აქვს დანერგილი.

„კომპანიაში ჩატარებულმა სიღრმისეულმა აუდიტმა საოპერაციო მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა, რაც გულისხმობს ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართაობას. ყველა ამ პრობლემას გადაჭრის კომპანიის დეცენტრალიზაციის შედეგად შექმნილი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრები, სადაც გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება მოხდება ადგილზე. ცენტრები აღჭურვილი იქნება შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით. მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შემცირდება ავარიებზე რეაგირების დრო, რაც ევროპულ სტანდარტებთან დაგვაახლოებს“, – განაცხადა „ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა.

„ჯივიპის“ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე, ჯამში, ოთხი ძირითადი და ორი დაქვემდებარებული საოპერაციო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი. საოპერაციო ცენტრები განთავსდება სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე; გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე; ტაბახმელაში, ქალაქ რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. ახალ საოპერაციო ცენტრებს 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.