„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25 პროცენტით გაუზარდოს
„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25 პროცენტით გაუზარდოს

ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინანტში სამუშაო პროცესი კვლავ პარალიზებულია. კომპანიის მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის მოთხოვნების შესრულებაზე შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული. ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, მზად არიან, მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25 პროცენტით გაუზარდონ.

„თავდაპირველად ხელფასების 50-პროცენტით გაზრდა მოითხოვეს, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას და არის არაადეკვატური. არაადეკვატურ მოთხოვნებს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ არანაირი ჯგუფი არ გამოიყო, ვისთანაც მოხდებოდა აღნიშნული საკითხის გავლა. ჩვენ მზად ვიყავით 25-პროცენტიანი ზრდა შეგვეთავაზებინა და შევთავაზეთ. ეს ეფუძნებოდა იმ რეორგანიზაციას, რომელიც შეგვიძლია, რომ განვახორციელოთ კომპანიაში. აქ საუბარი არ არის რეორგანიზაციის დროს ჩვენი თანამშრომლების შემცირებაზე, საუბარია სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კომპანიაში. ეს მოგვცემს საშუალებას, დავზოგოთ გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯები და რომ სწორედ ამ ხარჯების დაზოგვის შედეგად მიღებული დანაზოგები გადავანაწილოთ ხელფასებზე. კომპანიას გააჩნია მყარი საფუძველი, რათა განაცხადოს, რომ მიმდინარე გაფიცვა უკანონოა. ჩვენი იურისტები ამზადებენ იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და სამართლებრივი პროცესის დაწყება“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

რაც შეეხება კვების გაუმჯობესებასა და ქალაქში მძიმე ტექნიკის გადაადგილების შეზღუდვას, მერაბ ლომინაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხები უკვე დაკმაყოფილებულია. მისივე განმარტებით, გაფიცვის შედეგად კომპანიას ყოველდღიურად მილიონი ლარის, ქვეყანას კი, ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის ზარალი ადგება. იმ შემთხვევაში, თუ გაფიცვა გაგრძელდება, ლომინაძემ განაცხადა, რომ მუშაობა გაჩერდება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაშიც.

ჭიათურაში მაღაროელები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აგრძელებენ. ისინი 16 მაისს გაიფიცნენ და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, უკანონო გაფიცვის მონაწილედ მიიჩნევა.