„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი - ოჯახებს, რომლებიც შუქრუთში აქციას მართავენ, სავარაუდოდ, თანხა არ აკმაყოფილებდათ, თანახმა ვართ, ზარალი სამხარაულის ბიურომ შეაფასოს
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი - ოჯახებს, რომლებიც შუქრუთში აქციას მართავენ, სავარაუდოდ, თანხა არ აკმაყოფილებდათ, თანახმა ვართ, ზარალი სამხარაულის ბიურომ შეაფასოს

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, რომ კომპანია მზად არის, შუქრუთის იმ მცხოვრებლებს, რომლებიც აქციებს მართავენ, მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს.

ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, სოფელ შუქრუთში სამუშაოები 2019 წლიდან მიმდინარეობს და ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მათ კომპენსაციები უკვე მიიღეს. თუმცა, ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველი ამბობს, რომ 11 ოჯახს, რომლებიც პროტესტს აგრძელებენ, სავარაუდოდ, შეთავაზებული თანხა არ აკმაყოფილებთ.

ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, კომპანია თანახმაა, მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, ზიანის ოდენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განსაზღვროს. კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გაგრძელდება და პრობლემა აღმოიფხვრება.

​შეთავაზებები გვქონდა ყველასთან, შუქრუთის მთელ მოსახლეობასთან, ანუ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით მთელ სოფელთან. არ დაეთანხმა ეს 11 ოჯახი. ვნახეთ, რომ მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მიყენებული ზარალი შეეფასებინა სამხარაულის ბიუროს, რაზეც ჩვენ დავთანხმდით და თანახმა ვართ ახლაც, რომ სწორედ ის დასკვნა იყოს აღსრულებადი. ჩვენ მათ გავუგზავნეთ ხელშეკრულების დრაფტი და მივიღეთ მათი ცვლილებებით, სადაც აბსოლუტურად სხვა რაღაც ეწერა. ჩვენ ისევ იმავეს ვთავაზობთ, რომ შევაფასოთ ზარალი სამხარაულის ბიუროთი. ასევე, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რასაც ვუდებთ მთელ სოფელს და ეს ხელშეკრულება იციან მათ, იციან თანხები, როგორც შეფასდა მათი ქონება და შეგვიძლია გავაფორმოთ ხელშეკრულებები. ხელშეკრულებამდე არც მივედით მათთან. სავარაუდოდ, თანხის ოდენობა არ აკმაყოფილებდათ, თუმცა თანხები მე დავასახელე – ეს არ არის 10, 15 და 30 ათასი, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე პიროვნებასთან, – სახელებს ვერ ვიტყვი, – არის 80, 120, 148 ათასი ლარი, ზოგჯერ 200 ათას ლარს სცდება ანაზღაურება. არ მეგულება ადამიანი, მოსწონდეს პროტესტის ეს ფორმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხში არ ვართ, ისევ ვაპირებთ გაგრძელებას და ვთვლით, რომ ამ მოლაპარაკებებით გარკვეულ შედეგამდე მივალთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

დატოვე კომენტარი