„ჯორჯიან მანგანეზი“ - სოფელ შუქრუთში მადნეულის მოპოვების სამუშაოებს სახლები არ დაუზიანებია
„ჯორჯიან მანგანეზი“ - სოფელ შუქრუთში მადნეულის მოპოვების სამუშაოებს სახლები არ დაუზიანებია

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო პროცესების კოორდინატორის, ევა ხეთაგურის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მადნეულის მოპოვების სამუშაოებმა ადგილობრივების სახლები დააზიანა.

ხეთაგურის თქმით, მოსახლეობის სახლები დაზიანდა გასული საუკუნის 90-იან წლებში მიწისძვრისა და მაშინდელი კომპანია „ჯორჯიან მანგანუმის“ სამუშაოების შედეგად. როგორც ხეთაგური ამბობს, სახელმწიფოსგან და კომპანიისგან ოჯახებმა შესაბამისი კომპენსაცია მიიღეს.

„რაც შეეხება ბრალდებას, სპეციალურმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც სოფელ შუქრუთის მოსახლეობა და კომპანიის წარმომადგენლები შედიოდნენ, დაასრულა მუშაობა და დასკვნის შედეგად კომპანიას ზარალი არ მიუყენებია მოსახლეობისთვის.

ამ დროისთვის მუშაობს კიდევ ერთი კომისია, რომელმაც მუშაობა 29 ოქტომბერს დაიწყო და მის შემადგენლობაში დამოუკიდებელი ექსპერტები შედიან. ველით ამ კომისიის დასკვნას“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს ხეთაგურმა.

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროსთან სოფლის მოსახლეობა მეხუთე დღეა აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიწა ცურავს, რის გამოც მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა.