„ჯორჯიან ეარვეისსა“ და „ტავ ჯორჯიას“ შორის დავალიანების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება
„ჯორჯიან ეარვეისსა“ და „ტავ ჯორჯიას“ შორის დავალიანების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისსა“ და „ტავ ჯორჯიას“ შორის 9 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების გადახდის თაობაზე მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს, – ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ გაიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი წარადგინა.

თამაზ გაიაშვილის განცხადებით, მისი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ მიმართ დავალიანებას არ აღიარებს და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანიას მოთხოვნებს კვლავ უყენებს. კერძოდ, მათი მოთხოვნაა, ფასების ოპტიმიზაცია. „ტავ ჯორჯიას“ მხრიდან მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კომპანია დახმარების თხოვნით სახელმწიფოს მიმართავს.

„საკითხი რომელიც დავაყენეთ, ჯერ მოლაპარაკების ფაზაშია. საერთოდ, სანახავია, რა დავალიანებაა და საიდან წარმოიშვა. მუშაობენ და ყველაფერს შეადარებენ“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

მისი თქმით, ეს ვირტუალური ვალია.

„სინამდვილეში, შესაძლოა, ვალი არც აღმოჩნდეს“, – აღნიშნა „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

 

ავტორი: სოფო ჩიხლაძე