„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი რეისი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.
ამასთან, 26 აპრილიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.
შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.
ფორლი იტალიის სამედიცინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო „ჩექაპს“, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპაცენტრებს.
თბილისი-ფორლი-თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა.
„ჯორჯიან ეარვეისი“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში ჩასაბარებელი ბარგიც შედის.