„ჯორჯიან ეარვეისის“ სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დღეს ამსტერდამიდან დაბრუნდებიან
„ჯორჯიან ეარვეისის“ სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დღეს ამსტერდამიდან დაბრუნდებიან

საქართველოს მოქალაქეები უცხოეთიდან სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან.

საქართველოს პირველი არხი ერთ-ერთ მათგანს დაუკავშირდა. მარიამ მესტიაშვილმა, რომელიც დღეს „ჯორჯიან ეარვეისის“ სპეცრეისით ამსტერდამიდან ბრუნდება, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ პორტუგალიაში საქართველოს საკონსულომ მას და მის მეგობრებს დახმარება აღმოუჩინა.

„პორტუგალიაში საქართველოს საკონსულო დაგვეხმარა. როცა გაიგეს, რომ პორტუგალიაში ვიყავით, გვირეკავდნენ და ყველანაირად გვეხმარებოდნენ.

სამი ქართველი სტუდენტი „ერასმუს +“ პროექტის ფარგლებში ერთი სემესტრით ვიყავით. ლისაბონიდან ამსტერდამში გუშინწინ ჩამოვედით. დღეს არის ამსტერდამიდან თბილისში ფრენა. თვითმფრინავი თბილისში ალბათ 4-5 საათისთვის იქნება.

ახლა ამსტერდამის აეროპორტში ვარ და თბილისში ვბრუნდები. აეროპორტიდან კარანტინში გადაგვიყვანენ.

საქართველოში ჩამოსვლას დიდი ხანი ვცდილობდით. სამი ბილეთი გაგვიუქმდა. რამდენიმე ბილეთის შეძენა მოგვიწია. თავიდან, რომ ვიყიდეთ, ფრენა გააუქმეს, მერე „ჯორჯიან ეარვეისმა“ გააუქმა ფრენა. მერე სხვა ბილეთის ყიდვა მოგვიწია. შემდეგ გავიგეთ, რომ გაუქმებული რეგულარული რეისის ნაყიდი ძველი ბილეთი არ გაუქმებულა“, – აღნიშნა სატელეფონო საუბრისას მარიამ მესტიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, სამშობლოში ამ დრომდე მოხდა 4000 მოქალაქის ორგანიზებული დაბრუნება.