„ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავი ირაკლი მეზვრიშვილი „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მიერ მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს
„ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავი ირაკლი მეზვრიშვილი „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მიერ მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს

„ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავი ირაკლი მეზვრიშვილი „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მიერ მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს. ამის შესახებ მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ტელეკომპანიებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების ინფორმაციაზე დაყრდნობით, მან გააკეთა კომენტარი თბილისი-მოსკოვის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით და გამოხატა პოზიცია.

„ხაზგასმით და კატეგორიულად ვაცხადებ: არსად, არცერთ ორგანიზაციასთან თუ მედიასაშუალებასთან არ მქონია კომუნიკაცია რუსეთ-საქართველოს ფრენებთან დაკავშირებით, არ გამიკეთებია არანაირი კომენტარი და შეფასება. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება ის სიყალბე, რომლის შედეგად ადამიანებმა გამოხატეს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჩემ მიმართ!

ქართული ტელევიზიებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პირველწყაროში უბრალოდ არც კი იძებნება, არის ბინძური ტყუილი, ცილისწამება და ჩემი რეპუტაციის შელახვა, რომელსაც მე ჩემი საქმიანობით და ცხოვრების წესით მუდმივად ვუფრთხილდები და ვიცავ ჩემი მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით.

ჩემთვის ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელია ის კომენტარები, რაც მოჰყვა სოციალურ ქსელში ამ ე.წ. ნიუსის გამოქვეყნებას, შესაბამისად, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩემს როგორც ადამიანურ, ისე პროფესიულ რეპუტაციას და არის ტყუილი და ცილისწამება.

ხოლო თუ ვინმესთვის მაინცდამაინც ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პოზიცია ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, განმარტავ, რომ მე ვარ პროფესიონალი მფრინავი, მრავალი წელია, ერთგულად ვემსახურები ჩემს საქმეს, ჩემს ქვეყანას და ჩემი ერთადერთი, ყველაზე დიდი ვალდებულებაა არა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, არამედ მგზავრების უსაფრთხოება და მშვიდობიანი ფრენა ყველა ქვეყანაში, სადაც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამის საჭიროება იქნება“, – წერს ირაკლი მეზვრიშვილი.