„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ერევანში კვირაში 14, ბათუმიდან ერევანში კი შვიდი სიხშირით იფრენს
„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ერევანში კვირაში 14, ბათუმიდან ერევანში კი შვიდი სიხშირით იფრენს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ბათუმი-ერევანი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს, ხოლო თბილისიდან ერევნის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.

ერევნის გავლით, პარტნიორი ავიაკომპანიის მეშვეობით „ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენების განხორციელებას მოსკოვის მიმართულებით გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენები ბათუმი-ერევანი-ბათუმის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 10 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ყოველდღიურად, კვირაში შვიდი სიხშირით შესრულდება.

ამასთან, ქართულმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე თბილისი-ერევნის მიმართულებით. დღეიდან, „ჯორჯიან ეარვეისი“ აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ამატებს შვიდ სიხშირეს (ყოველდღე) და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე რეგულარულ ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს.

შესაბამისად, ავიაკომპანია მგზავრებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით დღეში ორ რეისს შესთავაზებს. ავიაკომპანია ასევე შეასრულებს დამატებით რეისებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით 8 ივლისიდან 30 აგვისტომდე, კვირაში ერთი სიხშირით.

ფრენები Boeing B737, Embraer ERJ190 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.