„ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის
„ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

„ჯორჯიან ეარვეისში“ რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების შედეგად 25 მილიონი დოლარის ზარალზე საუბრობენ და ფინანსური დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობას უხდიან.

„საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო. ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება. გარდა ამისა, მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითაც ავიაკომპანიამ ჯამში დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიისთვის გაეწია ფინანსური დახმარება. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ავიაკომპანიის თხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია მოეხდინა „ჯორჯიან ეარვეისისთვის“, რითაც გვერდში დაუდგა ქართულ ავიაკომპანიას.

გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის და ვიმედოვნებთ, არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში სრულად აღმოიფხვრება“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო, ასევე ლონდონიდან და ბრიუსელიდან პირდაპირ ფრენებზე სტიმულირების ხელშეკრულებების გაფორმებას გეგმავს. თითო მიმართულებაზე ხელშეკრულების თანხა 600 ათას ევრომდე შეადგენს. სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს. საუბარია თითო მგზავრზე არა უმეტეს 90 ევროს ანაზღაურებაზე (დღგ-ის გარეშე).