ჯორჯია მელონიმ კვიპროსში დაგეგმილი ტურნე გააუქმა და მოდენაში გაემგზავრა, სადაც ერთი დღის წინ ავტომობილი ხალხში შევარდა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ კვიპროსში დაგეგმილი ტურნე გააუქმა და მოდენაში გაემგზავრა, სადაც ერთი დღის წინ ავტომობილი ხალხში შევარდა და ქვეითები დააზიანა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა რვა ადამიანი. ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ორს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა, ერთი პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად კი ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.
ავტომობილის მძღოლი იტალიაში დაბადებული ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის 30 წლამდე მამაკაცია, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დანით სამი გამვლელი დაჭრა, რომელთაც მისი შეკავება სურდათ. მოგვიანებით ის პოლიციამ დააპატიმრა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ირკვევა, რომ ეჭვმიტანილი 2022 წელს ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მკურნალობდა.
როგორც ცნობილია, მოდენაში გამგზავრებას გეგმავს პრეზიდენტი სერჯიო მატარელაც.