ჯორჯია მელონი – ვლადიმერ პუტინი პროვოკაციების მეშვეობით ცდილობს, ბრძოლის ველზე არსებული არახელსაყრელი მდგომარეობიდან ყურადღება გადაიტანოს, ჩვენ ამ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პროვოკაციების მეშვეობით ცდილობს, ბრძოლის ველზე არსებული არახელსაყრელი მდგომარეობიდან ყურადღება გადაიტანოს, ჩვენ ამ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ნორვეგიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, პუტინი ევროპასთან ვითარების ესკალაციასა და ევროპელი მოკავშირეების პროვოცირებას ცდილობს, რადგან ვითარება ბრძოლის ველზე ისე არ ვითარდება, როგორც ის პროგნოზირებდა.
„ვფიქრობ, ყველა შეამჩნევდა რუსული პროვოკაციების გახშირებას – ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი შემთხვევა ვიხილეთ. ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რატომ? მოსკოვის მხრიდან პროვოკაციები მრავლდება, რადგან პუტინს ყურადღების გადატანა სჭირდება. ის ცდილობს, ევროპასთან ესკალაცია გამოიწვიოს და ამ გზით ყურადღება გადაიტანოს ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობიდან, რომელიც მისი დაპირებების საწინააღმდეგოდ ვითარდება. ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ვისთვის არის ესკალაცია ხელსაყრელი და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ამის გაკეთება რუსეთს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ევროპას“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.