ჯორჯია მელონი - შეცდომად მივიჩნევ აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, წვლილი შეიტანონ გრენლანდიის უსაფრთხოებაში
ჯორჯია მელონი - შეცდომად მივიჩნევ აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, წვლილი შეიტანონ გრენლანდიის უსაფრთხოებაში

იტალიის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მიერ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესების მუქარას შეცდომა უწოდა. ამის შესახებ იტალიის მთავრობის მეთაურმა სეულში გააკეთა განცხადება.

მისივე თქმით, ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს და მიიჩნევს, რომ გრენლანდიის გარშემო შექმნილი ვითარება არასათანადოდ მკაფიო კომუნიკაციის შედეგია.

„ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, წვლილი შეიტანონ გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მივიჩნევ შეცდომად და ასეთ მიდგომას არ ვიზიარებ. ვესაუბრე დონალდ ტრამპს და ეს ვუთხარი. ასევე, ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივანს და ვაპირებ, ველაპარაკო ევროპელ პარტნიორებს. არსებობს არასათანადო გაგების და კომუნიკაციის პრობლემა, რადგან ევროპის ქვეყნების მიერ გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის ინიციატივა არ უნდა განიხილებოდეს ანტიამერიკულ კონტექსტში“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

მისივე თქმით, გრენლანდიის გარშემო შექმნილი ვითარება უნდა განიხილებოდეს ნატო-ს ჩარჩოში. იტალიის მთავრობის მეთაურის თქმით, ის იზიარებს აშშ-ის შეშფოთებას არქტიკის რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს რეგიონი გადამწყვეტია სტრატეგიული თვალსაზრისით.

„საჭიროა ერთად მუშაობა, დიალოგთან დაბრუნება და ესკალაციის არდაშვება“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ მინისტრმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნეს გრენლანდიაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიას და დიდი ბრიტანეთს. მისივე თქმით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ტარიფები ძალაში დარჩება, ვიდრე გრენლანდია აშშ-ის მფლობელობაში არ გადავა. ტრამპი აცხადებს, რომ კუნძულის ფლობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კონკრეტულად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს ტერიტორია საჭიროა სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად გამიზნული ახალი სისტემის, „ოქროს გუმბათის“ ეფექტური ფუნქციონირებისთვის.