ჯორჯია მელონი – იტალია ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენაზე 30-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად მუშაობს
იტალია ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენაზე მუშაობს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს.
მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა მისი ქვეყნისა და ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია და პირობას დებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად პარტნიორებთან ითანამშრომლებს.
„ირანი სრუტეში ტრანზიტზე დამატებითი ტარიფების დაწესების უფლებამოსილების მოპოვებას თუ შეძლებს, ამან მაინც შეიძლება, ეკონომიკური შედეგები და სავაჭრო ნაკადების ცვლილებები გამოიწვიოს. დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ჩვენ უკვე ვმუშაობთ მოქმედ კოალიციასთან ჰორმუზის სრუტის საკითხზე, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, რათა შევქმნათ უსაფრთხოების პირობები, რომლებიც ნავიგაციისა და მიწოდების თავისუფლების სრულად აღდგენას უზრუნველყოფს“, – განუცხადა მელონიმ პარლამენტის ქვედა პალატას.
ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა დაგმო აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევები და მხარეებს პირობების შესრულებისკენ მოუწოდა.