ჯორჯ სოროსს შესაძლოა, უნგრეთში ჩასვლა აუკრძალონ
ჯორჯ სოროსს შესაძლოა, უნგრეთში ჩასვლა აუკრძალონ

უნგრეთის მთავრობა მილიარდერი ჯორჯ სოროსისთვის უნგრეთში ჩასვლაზე აკრძალვის დაწესებას აპირებს, ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა არაერთხელ დასდო ბრალი სოროსს, რომ ის უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.

მანამდე უნგრეთის ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი კანონი, რომელიც ყველა იმ პირისა თუ ორგანიზაციის დაბეგვრას ითვალისწინებს, რომელიც არალეგალ მიგრანტებს ეხმარება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, აღნიშნულ კანონს დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც არალეგალი მიგრანტების მხარდაჭერაში მხილებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნგრეთის საზღვართან მიახლოება აეკრძალებათ.

ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, აკრძალვა შეეხოს იმ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, რომლებიც სერბეთთან საზღვარზე მოწყობილ მიგრანტთა ბანაკში მუშაობენ. ამ ბანაკში არსებული მდგომარეობისა და უნგრეთის პოლიციის მხრიდან მიგრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამო შეშფოთება არაერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გამოთქვა.