ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება" უნგრეთს ტოვებს
ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება" უნგრეთს ტოვებს

ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ფონდი უნგრეთს ტოვებს. როგორც ფონდ „ღია საზოგადოებაში“ განმარტეს, ოფისი დაიხურება, რადგან ქვეყანაში „რეპრესიული პოლიტიკური და საკანონმდებლო“ გარემოა.

„ოფისის დახურვის გადაწყვეტილება იმის გამო მივიღეთ, რომ უნგრეთის მთავრობა აპირებს, დამატებითი შეზღუდვები დაუწესოს არასამთავრობო ორგანიზაციებს საკანონმდებლო პაკეტით, რომელსაც მათ „შეაჩერე სოროსი“ უწოდეს.”- განაცხადეს ფონდში.

ოფისის თანამშრომლები ბერლინში გადავლენ.

მანამდე, უნგრეთის მთავრობის აპარატის უფროსმა იანოშ ლაზარმა განაცხადა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, სოროსის ფონდის დახმარებით და უნგრეთში მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით, ხელს უწყობს არალეგალური მიგრაციის გავრცელებას. ამიტომ მთავრობა მოითხოვს, დაიბეგრონ აღნიშნული ორგანიზაციები.

უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შანდორ პინტერი თვლის, რომ მსგავსი ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ, საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავლის 25% კი ბიუჯეტში გადაიხადონ.

მთავრობა საკანონმდებლო პაკეტს სახელწოდებით „შეაჩერე სოროსი“ პარლამენტს ივნისში წარუდგენს. მისი მიღების შემთხვვევაში, უნგრეთის მთავრობას უფლება ექნება ქვეყნიდან გააძევოს იმ ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მთავრობას ანგრაშს არ ჩააბარებენ.