ჯორჯ სოროსი ბიზნესიმპერიაზე კონტროლს 37 წლის შვილს, ალექსანდერს აბარებს
ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი ბიზნესიმპერიაზე კონტროლს 37 წლის შვილს, ალექსანდერს აბარებს.
ქველმოქმედმა და ლიბერალური მიზნების მთავარმა მხარდამჭერმა, 92 წლის ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ ადრე არ სურდა, მისი ღია საზოგადოების ფონდები ხუთი შვილიდან რომელიმესთვის გადაეცა, მაგრამ თავის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომ ფონდი და 25 მილიარდი დოლარის იმპერია გადასცეს თავის 37 წლის შვილს, რომელიც ალექსის სახელით არის ცნობილი, ჯორჯ სოროსმა თქვა: „მან ეს დაიმსახურა“.
„ვოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში ალექსმა თქვა, რომ ის მამამისზე „უფრო პოლიტიკურია“ და აპირებს, გააგრძელოს ოჯახის ფულის შეწირვა აშშ-ის მემარცხენე პოლიტიკური კანდიდატებისთვის. ალექს სოროსის განცხადებით, გააფართოვებს ფონდის პრიორიტეტებს ხმის მიცემისა და აბორტის უფლებით, ასევე გენდერული თანასწორობით.
„რამდენადაც მე მინდა ფულის ამოღება პოლიტიკიდან, სანამ ამას მეორე მხარე აკეთებს, ჩვენც მოგვიწევს ამის გაკეთება“, – აღნიშნა ალექს სოროსმა.
„ღია საზოგადოების ფონდის“ საბჭომ ალექსი თავის თავმჯდომარედ გასული წლის დეკემბერში აირჩია. ალექსი ახლა ხელმძღვანელობს პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც სოროსის პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტის პრეზიდენტი. „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ფონდი წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს უგზავნის ადამიანის უფლებების მხარდამჭერ ჯგუფებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ეხმარებიან დემოკრატიის მშენებლობას.