ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ გირაოს სახით 1,25 მილიონი დოლარი შეუფარდა
მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს გირაოს სახით 1,25 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რომლის წინაშეც 44 წლის დერეკ შოვინი პირველად წარდგა.
მანამდე ბრალდებულს გირაოს სახით ერთი მილიონის გადახდა დააკისრეს, თუმცა დღეს სასამართლომ თანხის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზად მოსამართლემ შოვინის მიმართ წარდგენილი ბრალის „სიმძიმე და საზოგადოების აღშფოთება“ დაასახელა.
როგორც „ბიბისი“ წერს, შოვინი სასამართლო სხდომაზე დისტანციურ რეჟიმში წარდგა. 15-წუთიანი მოსმენის დროს მას არ უსაუბრია. მას ბორკილები ედო და ნარინჯისფერი ფორმა ეცვა. ადვოკატებს გირაოს თანხის გაზრდა არ გაუპროტესტებიათ. ამჟამად დერეკ შოვინი მინესოტის სახელმწიფო სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. მის საქმეზე შემდეგი მოსმენა 29 ივნისს ჩაინიშნა.
მინეაპოლისის პოლიციის თანამშორმელმა 25 მაისს, ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენებაში ეჭვმიტანილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავების დროს ძალა გამოიყენა, რა დროსაც მან ფლოიდს კისერზე მუხლი რამდენიმე წუთის განმავლობაში დააბჯინა. ამის შედეგად ფლოიდი გარდაიცვალა.
დერეკ შოვინს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის არის მეორე ხარისხის მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10-დან 40 წლამდე პატიმრობას ელოდება.
ჯორჯ ფლოიდის ცხედარი დღეს მშობლიური ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში გადაასვენეს, სადაც 9 ივნისს მისი დაკრძალვაა დაგეგმილი.