ჯორდან ჰენდერსონი საუდის არაბეთს ტოვებს და კარიერას „აიაქსში“ გააგრძელებს #1TVSPORT
გამოცემა „ატლეტიკის“ ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, საუდის არაბეთის ლიგის გუნდთან, „ალ ეტიფაქთან“ კონტრაქტს შეწყვეტს.
„ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეუთანხმდა „აიაქსს“ და მიმდინარე კვირის ბოლომდე ამსტერდამულ კლუბთან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.
33 წლის ჯორდან ჰენდერსონი საუდის არაბეთის ლიგის გუნდში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. ის „ლივერპულის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავდა და გუნდთან ერთად რვა ტიტული მოიგო.
არაბულმა კლუბმა ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ჰენდერსონის ანაზღაურება კი კვირაში 700 000 ფუნტი იყო.
გასულ კვირას ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა განაცხადა, რომ კლუბი ჰენდერსონთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებაში იყო ჩართული.
გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის ჩემპიონატის დატოვება ასევე სურს მადრიდის „რეალის“ ყოფილ კაპიტანს, „ოქროს ბურთის“ 2022 წლის გამარჯვებულს, კარიმ ბენზემას, ის ამჟამად „ალ იტიჰადის“ ფეხბურთელია.