ჯონდი ბაღათურია - სტარტი, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა აიღო, საზოგადოების დანარჩენ ნაწილსაც უნდა გადაედოს
ჯონდი ბაღათურია - სტარტი, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა აიღო, საზოგადოების დანარჩენ ნაწილსაც უნდა გადაედოს

მივესალმები საქართველოს პირველი არხის ამ გაბედულ და სრულად უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებაზე, 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელოს აზარტული თამაშების რეკლამირება.

„ეს ჩვენს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა პირველი არხი ასეთ უპრეცედენტო დამოუკიდებლობას ავლენს და საზოგადოების სათავეში აღმოჩნდა, საზოგადოების იმ ნაწილის სათავეში, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს კარგი სტარტი, რომელიც ახლა საქართველოს პირველმა არხმა აიღო, არ უნდა ჩაქრეს და საზოგადოების დანარჩენ ნაწილსაც უნდა გადაედოს“, – აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

მისი შეფასებით, აღნიშნული არის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება.

„ეს იყო ძალიან გაბედული, ზედმიწევნით მორალური და პასუხისმგებლიანი, სუფთა ეროვნული, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა.

საქართველოს პირველი არხი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. პირველი არხი ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.