ჯონდი ბაღათურია - საქართველოს პირველი არხის კოლექტივის გადაწყვეტილება არის გმირული, მათ აზარტული თამაშების რეკლამით შემოსავლებზე უარი თქვეს
ჯონდი ბაღათურია - საქართველოს პირველი არხის კოლექტივის გადაწყვეტილება არის გმირული, მათ აზარტული თამაშების რეკლამით შემოსავლებზე უარი თქვეს

„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს პირველი არხის შენობასთან არხის სოლიდარობის აქცია გამართა, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ბაღათურიამ სხვა მედიასაშუალებებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში, 17-მა ახალგაზრდა ადამიანმა მოიკლა თავი. აზარტული თამაშების უკან ყოველთვის დგას დიდი ოდენობით შავი ფული და ეს ფული ნაწილდება კორუმპირებულ ჩინოვნიკებში. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პირველი არხის კოლექტივმა, გადაუჭარბებლად დღევანდელ სიდუხჭირეში არის გმირული, რადგან პირველი არხის ჟურნალისტებმა უარი თქვეს იმ შემოსავლებზე, რომელიც შემოდიოდა აზარტული თამაშების რეკლამებით. ამიტომ, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგი სტარტია საზოგადოების კონსოლიდაციისთვის“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ბაღათურიას განცხადებით, მისი და საზოგადოების ინიციატივით, პარლამენტში უახლოეს მომავალში საკანონმდებლო პროექტი შევა აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ.

საქართველოს პირველ არხის ინიციატივას მიესალმებიან სასულიერო პირებიც.

„ჩვენ უშუალო შეხება გვაქვს ამ პრობლემით შეწუხებული ადამიანების ოჯახებთან და ისინი ცხადად გულისტკივილით გადმოგვცემენ იმ პრობლემებს, რომელიც მათ ოჯახს შეეხო. ვიცით შემთხვევები, როდესაც მათი შვილია შეპყრობილი ამ სენით და ფიქრობს სუიციდზე. ხშირია ასეთი შემთხვევები. ეროვნულ ლიგასაც კი გადაარქვეს სახელი და ერთ-ერთი აზარტული კომპანიის სახელი უწოდეს. ჩვენ მთავრობას უნდა მოვუწოდოთ, კატეგორიული იყოს ამ სენთან ბრძოლაში”, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გამართული სოლიდარობის აქციის დროს სოფელ დიღმის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის მღვდელმა ფოტი ზუმბაძემ.

საქართველოს პირველი არხი უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. პირველი არხი ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.