ჯონდი ბაღათურია - სააკაშვილი პარლამენტის სხდომაზე ღიად იმუქრებოდა, მაშინდელი აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი გაოცებული იყო, სპეცდანიშნულების რაზმი შემოიყვანეს დარბაზში, ჟურნალისტები მეუბნებოდნენ, მოგკლავენ, არ გამოხვიდეო
ჯონდი ბაღათურია - სააკაშვილი პარლამენტის სხდომაზე ღიად იმუქრებოდა, მაშინდელი აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი გაოცებული იყო, სპეცდანიშნულების რაზმი შემოიყვანეს დარბაზში, ჟურნალისტები მეუბნებოდნენ, მოგკლავენ, არ გამოხვიდეო

სააკაშვილი პარლამენტის სხდომაზე ღიად იმუქრებოდა. მაშინდელი აშშ-ის ელჩი, ჯონ ბასი გაოცებული იყო. სპეცდანიშნულების რაზმი შემოიყვანეს დარბაზში. დარბაზიდან რომ გამოვედი, ჟურნალისტები იყვნენ შეშინებული, ზოგი ნერვიულობდა, ბატონო ჯონდი, მოგკლავენ, არ გამოხვიდეთო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც 2008–2012 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

მანამდე კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა ჯონდი ბაღათურიას მიმართა: „თეა წულუკიანმა გაიხსენა პარლამენტის სხდომაზე თქვენი გამოსვლა ბალნეოლოგიურ ინსტიტუტთან დაკავშირებით, მიშას „გაფსიხება“, გავარდნა პარლამენტიდან, მუქარები. ღია ეთერში პარლამენტის წევრის მიმართ ასეთი მუქარა მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში წარმოუდგენელია, როგორ მოხდა ეს?“

„თბილისის ბალნეოლოგიურზეა საუბარი, რომელიც მამამისის მფლობელობაში იყო. კი, მაშინ იმუქრებოდა, ღიად იმუქრებოდა პარლამენტის სხდომაზე. მახსოვს მაშინ ელჩების მოწვევის პრაქტიკა იყო. ჯონ ბასი იყო მაშინ აშშ-ის ელჩი და თვალი გამექცა ტრიბუნისკენ, მისკენ, ყბა ჩამოვარდნილი ჰქონდა, კაცი გაოცებული, გაოგნებული იყო, გაყინული იჯდა, პრაქტიკულად, ქანდაკებასავით იყო. რატომ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ სპეცდანიშნულების რაზმი შემოიყვანეს პარლამენტის დარბაზში. დარბაზიდან რომ გამოვედი, ჟურნალისტები იყვნენ შეშინებული, ზოგი ნერვიულობდა, ბატონო ჯონდი, მოგკლავენ, არ გამოხვიდეთო. მე ვუთხარი, როგორ უნდა მომკლან-მეთქი? ეს გადაჭარბებული იყო, მაგრამ რატომ იყვნენ შემოსული, არ ვიცი. დაახლოებით 50 კაცი იყო შემოსული, მგონი, ამის დასაწყნარებლად, რაღაც რომ არ ჩაედინა. ერთ-ერთი მათი წევრი მეუბნებოდა, ბოკერიამ მოაბრუნაო. ანუ, ბოკერია უხსნიდა მას, სად გამოვყოთ თავი, რომ ჯონდიმ გაგაქცია დარბაზიდანო. ეს მართლაც ძალიან ცუდად იმუშავებდა. შემდეგ შემოაბრუნა. სხვათა შორის, დარბაზში ჩანს, რომ მათი აქტივიდან იქაჩებიან ადამიანები და შემდეგ ერთმანეთს აკავებენ. რიგრიგობით იქაჩებიან და რიგრიგობით აკავებენ ერთმანეთს. ასეთი სცენები ხშირად იყო ჩემი გამოსვლების დროს. ზოგიერთთან კარგი ურთიერთობა მქონდა და სხვების დასანახად როცა არ მხვდებოდნენ, ძალიან კარგად მესალმებოდნენ. რატომღაც სავალდებულო იყო, რომ დარბაზში უნდა ეჩვენებინათ, თითქოს ჩემთან ცუდი ურთიერთობა აქვთ“, – განაცხადა ბაღათურიამ.

აღნიშნულის შემდეგ ჯონდი ბაღათურიას კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მიმართა:

„თქვენ გულისხმობთ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, ვინც იმ კადრებში ჩანს – თქვენ რომ გამოდიხართ და პრეზიდენტი გარბის, ხელები გადაიტყავეს, იმდენჯერ უკრეს ტაში მის დასანახად და თითქოს თქვენკენ მოიწევდნენ, ისე კი კარგი ურთიერთობა გქონდათ?“ რაზეც ბაღათურია დაეთანხმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს გულისხმობდა.

ამის შემდეგ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ამას კურდღლის სინდრომი ჰქვია“.