ჯონდი ბაღათურია - ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ დაკარგავს ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას
ჯონდი ბაღათურია - ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ დაკარგავს ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას

მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას, თუ ეს ბოლომდე განხორციელდა, საარჩევნო სისტემა დემოკრატიული თვალსაზრისით იდეალური იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

როგორც ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, ეს ინიციატივა პოლიტიკური პარტიებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას მისცემს და მათ არ დასჭირდებათ საკუთარ პოლიტიკურ ხედვებზე უარის თქმა იმის ხათრით, რომ უფრო ძლიერ პარტიასთან დაამყაროს ურთიერთობა.

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა ფაქტობრივად პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგი, აქამდე ჩვენ ვედავებოდით, რომ „ქართული ოცნება“ იყო იზოლაციაში, ეს იყო თვითიზოლაცია, „ქართული ოცნება“ არ დგამდა ნაბიჯებს დიალოგისკენ. ჩვენ გვქონდა ყოველთვის დიალოგის სურვილი. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, საღად მოაზროვნე პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციას და მის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

რაც შეეხება ნულპროცენტიან ბარიერს, როგორც ჯონდი ბაღათურია აცხადებს, ამით უკმაყოფილო შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც დაკარგა მიზიდულობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

„ბევრი პოლიტიკური პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ განიხილავდა როგორც პარტნიორს მხოლოდ და მხოლოდ იმის ხათრით, რომ რაღაცნაირად საარჩევნო სიაში მოხვედრილიყო. ეს პარტიები გადახედავენ თავის პოზიციებს და შესაძლებლობა მიეცემათ, არ იყვნენ ჩამოკიდებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გადაწყვეტილებით დაკარგავს ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.