ჯონდი ბაღათურია - მმართველ პარტიაში ჯანყი დიდად დამაჯერებლად არ გამოიყურება
ჯონდი ბაღათურია - მმართველ პარტიაში ჯანყი დიდად დამაჯერებლად არ გამოიყურება

მმართველ პარტიაში ჯანყი დიდად დამაჯერებლად არ გამოიყურება, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„ხვალამდე, სანამ საკითხი კენჭისყრაზე გავა, რამის დაბეჯითებით მტკიცება ძნელია, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ჯანყი დაშვებულია და მასზე უფლება ზევიდან არის მიცემული“, – განაცხადა ბაღათურიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამ გამოიწვია ის, რომ რაც საზოგადოებას შეთანხმებული ეგონა, თურმე, სულაც არ ყოფილა შეთანხმებული, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ ყველაფერს შანტაჟის სუნი ასდიოდეს და სწორედ ახლა გამწვავდა, როცა ცვლილებები მოახლოვდა.

„როდესაც მაჟორიტართა რაღაც ჯგუფმა ნახა, რომ მათი ძალაუფლების დაკარგვა რეალური გახდა, ცდილობენ, ეს ძალაუფლება არ დაკარგონ. ასეთი ოცდაათკაციანი ჯგუფის პარტიის ლიდერთან მისვლა და ლაპარაკი აშკარად ძლიერი ზეწოლაა. შეიძლება, ორი კაცი მივიდეს, მაგრამ ოცდაათი კაცის სახელით ილაპარაკოს. ოცდაათი კაცის ასე ერთბაშად გასვლა ნამდვილად არასახარბიელოა“, – განაცხადა ბაღათურიამ. 

მისი თქმით, ქვეყნის სტაბილურობა, რაზეც რიგი მაჟორიტარები აპელირებენ, არაფერ შუაშია და სინამდვილეში, ისინი სკამებს ვერ ელევიან.

„რამდენი საკანონმდებლო ინიციატივა იცით, რომელიც რომელიმე მაჟორიტარმა გამოიტანა და ის მის რეგიონს, თუ ოლქს ეხებოდა? – არც ერთი. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა არა მარტო ამ პარლამენტში, არამედ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების ისტორიაში. ძირითადად, ხალხი მაჟორიტარებს ეკრანზე ისეთ დროს ხედავს და მის სახელ-გვარს ისეთ დროს იგებს, როდესაც პოლიტიკური, თუ რომელიმე საკანონმდებლო პროცესი მათ ძალაუფლებას და დაგროვილ ქონებას შეეხება, რაც მათი არსებობის ძირითადი საზრუნავია“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, იმ დროს, როცა მაჟორიტარული სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა, „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციისკენ წავიდა, მმართველი პარტია არც ერთ პარტიასთან არ არის კომუნიკაციაში და აცხადებს, რომ ალიანსს არავისთან აპირებს, რაც პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ არის.

„ცოცხალი პოლიტიკური პროცესი იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა გჭირდებოდეს ოპონენტთან დალაპარაკება, მოლაპარაკება, რაღაც თემაზე მისი გადმობირება, რაღაც თემაზე შეთანხმება და ა.შ. შენ უნდა გქონდეს რაღაც კომპრომისის უნარი. როცა ეს ცოცხალი პოლიტიკური პროცესი გარეთ არ გჭირდება, ვერ ვითარდები და შიგნით არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მერე, შიგნით იღებენ ძალაუფლებას და შიგნიდან ხდება ამოტრიალებები. ყველა ხელისუფლება ხომ შიგნიდან ამოტრიალდა, რადგან ყველა ასე, 80%-ით იყო მოსული“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, როდესაც პოლიტიკური კონკურენცია არ არის, განვითარება არ ხდება.

„როდესაც მარტო თქვენ ხართ პურის მცხობელი და მაგალითად, იმ ქუჩაზე თქვენ გარდა პურს არავინ აცხობს, არ გაქვთ მოტივაცია და მოთხოვნილება, რომ მაქსიმალურად კარგი პური გამოაცხოთ, კარგად შეფუთოთ და ა.შ., რადგან კონკურენტი არ გყავთ და ეს არ გჭირდებათ. ბიზნესში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში თუ სხვაგან, კონკურენცია იძლევა განვითარების საშუალებას. ხახუნის ძალა იძლევა სითბოს და განვითარებას“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.