ჯონდი ბაღათურია - მათი ნაწილი, ვინც სასამართლო სისტემის კრიტიკით გამოდის, თვითონ არის ინკვიზიციური მართლმსაჯულების შემქმნელი
ჯონდი ბაღათურია - მათი ნაწილი, ვინც სასამართლო სისტემის კრიტიკით გამოდის, თვითონ არის ინკვიზიციური მართლმსაჯულების შემქმნელი

იმათი ნაწილი, ვინც სასამართლო სისტემის კრიტიკით გამოდის, თვითონ არის ინკვიზიციური მართლმსაჯულების შემქმნელი, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„საზოგადოებისთვის სასამართლო რეფორმის თემა რომ საინტერესო იყოს, მარტო იმას კი არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რას ამბობს, არამედ იმას, ვინ ამბობს. ჩვენ მოვახერხეთ და 2007-2008 წლებში, მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, მართლმსაჯულების უსამართლობის პრობლემა ნომერ პირველი თემა იყო საზოგადოებაში. დღეს, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს, ვინც ამ პროცესის სათავეში დგას, ავტორიტეტი არ აქვს. შესაძლოა, ჩვენზე მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ იმათი ნაწილი, ვინც სასამართლო სისტემის კრიტიკით გამოდის, თვითონ არის ინკვიზიციური მართლმსაჯულების შემქმნელი – ე.წ. ნაცმოძრაობა და მათი გამონაყოფი, ე.წ. „ევროპული საქართველო“. მეორე ნაწილის შემთხვევაში, პარტიიდან თუ კოალიციიდან რომ გამოგაგდებენ, მერე რომ გაგეხსნება ტვინი, გონება გაგინათდება და აღმოაჩენ, რომ თურმე, ქვეყანაში რაღაც მთლად კარგად ვერ ყოფილა და ივანიშვილი მთლად დემოკრატი არ არის, ეს დამაჯერებლად არ მუშაობს და არ ისმინება“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ამ განცხადებით მან გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ არის საზოგადოების დღის წესრიგში ნომერ პირველ ამოცანად მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, რასაც კვლევებიც მოწმობს და არის თუ არა ცუდი ის, რომ საზოგადოებისთვის სხვა საკითხები უფრო წინაა წამოწეული, ვიდრე სასამართლო რეფორმის თემა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, სად იყო მთავარი პრობლემა 2012 წლიდან დაწყებულ პროცესში, კანონშემოქმედებით პროცესში, პრინციპების ჩამოყალიბების პროცესში თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ალბათ, საბოლოო ჯამში უნდა გადაეწყვიტა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ადამიანთა ჯგუფმა ხელისუფლება რეალურად დააშანტაჟა. 

„ხელისუფლება დადგა ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე. ხელისუფლებას სასამართლოში მიჰქონდა საქმეები და უკან უბრუნდებოდა, ან მართლდებოდნენ აშკარა დამნაშავეები და ამით ხელისუფლებას ადამიანთა ეს ჯგუფი ეუბნებოდა, მოგველაპარაკეო. რამ გამოიწვია ეს?! თავიდან, სასამართლოს მმართველ კლანში სრული დემორალიზაცია იყო და ვინ როგორ გადარჩებოდა, ამას ცდილობდა. შემდეგ, რაღაც ჯგუფებმა გაიღვიძეს და მიხვდნენ, რომ შეეძლოთ გამოეყენებინათ ის ინსტრუმენტები, რომელიც ჰქონდათ. სახელმწიფოში ყველაზე დიდი ინსტრუმენტი აქვს არა პროკურატურას, შსს-ს და უშიშროებას, არამედ სასამართლოს. თუ სასამართლო არ არის, მაშინ სახელმწიფო საერთოდ არ ხარ და ხელისუფლება სახელმწიფოს შეეჯახა სასამართლოს სახით, რომელმაც გარიგება მოითხოვა. ხელისუფლებას ჰქონდა არჩევანი. მათ შეეძლოთ, იმ გზით წასულიყვნენ, რომ ერთი ხელის მოსმით ყველა გადაეყენებინათ, ან სელექცია მოეხდინათ, მაგრამ ხელისუფლებამ ამათთან გარიგება აირჩია, რადგან თავი კომფორტულად იგრძნო და შრომა, ბრძოლა არ მოინდომა“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, ქვეყანას იმდენი მოსამართლე სჭირდებოდა, რომ შესაძლოა, თავიდან კვალიფიკაციის პრობლემები შექმნილიყო და ეს რთული პროცესი იყო, მაგრამ ხელისუფლება ამ რთულ პროცესზე უნდა წასულიყო.

ბაღათურიამ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს განვითარებისთვის, ხელისუფლების და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სასამართლოს მიმართ ნდობა გაჩენილიყო, რადგან სასამართლოს მიმართ უნდობლობა ფეთქებადსაშიშ ვითარებას ქმნის.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებები, პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი და მათ შორის, ხშირ შემთხვევაში, ოპოზიცია ცდილობს, თავი დასავლეთში მოაწონოს ვიღაცას და არა ქართველ ხალხს.

„ქართული დასის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნები აუცილებლად უნდა შეჩერდეს.