ჯონდი ბაღათურია ითხოვს, ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასი მთავრობამ დაარეგულიროს
ჯონდი ბაღათურია ითხოვს, ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასი მთავრობამ დაარეგულიროს

„ქართული დასის“ ლიდერმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაურთან ერთად, საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

ინიციატივა  – „ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასების შეკავების მიზნით, სახელმწიფო რეგულაციების დაწესების შესახებ“ მთავრობისთვის დისკრეციული უფლების მინიჭებას გულისხმობს.

„ჩვენი კანონი ითვალისწინებს მთავრობისათვის დისკრეციის მინიჭებას, რათა მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებებით, ოპერატიულად შეძლოს ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე პროცენტული ბიჯის დაწესება, რაც გამორიცხავს  სპეკულაციურად მაღალი ფასების დაწესების შესაძლებლობას“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ის განმარტავს, რომ საქართველოში მედიკამენტები გაცილებით ძვირია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„ეს განაპირობა ე.წ. ფარმაცევტული, მაფიოზური დაჯგუფების კარტელურმა შეთანხმებამ. ჩვენ, მირიან წიკლაურთან ერთად, მოვამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აწესებს რეგულაციას ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე. სწორედ ამ კანონს იყენებენ ბელგია, საფრანგეთი, ბრიტანეთი გერმანია“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

„მოგეხსენებათ, ძალიან ძვირია ჩვენთან პრეპარატები. ზოგი პრეპარატი არის 6-10 – ჯერ ძვირიც. ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება, რომ მეტ-ნაკლებად შეღავათი იგრძნოს მოსახლეობამ“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

საკანონმდებლო ინიციატივას ჯანდაცვის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.