ჯონდი ბაღათურია - ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით ბიძინა ივანიშვილს სურს, გააკეთოს განაცხადი, რომ კოაბიტაციის პერიოდი დასრულდა
ჯონდი ბაღათურია - ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით ბიძინა ივანიშვილს სურს, გააკეთოს განაცხადი, რომ კოაბიტაციის პერიოდი დასრულდა

„ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნით თქვა, რომ ისინი მზად არიან, მიიღონ სერიოზული გადაწყვეტილებები და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კინკლაობის დრო დასრულდა, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დასახელებული ცვლილებები ლოგიკური იყო.

„ვფიქრობ, საკმაოდ ლოგიკური ცვლილებებია, რომლებიც ალბათ მოსალოდნელი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას დანიშვნით ქართულ საზოგადოებას და დანარჩენ მსოფლიოს განუცხადა, რომ ისინი მზად არიან, მიიღონ სერიოზული გადაწყვეტილებები და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კინკლაობის დრო დასრულდა. მნიშვნელოვანი განაცხადია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან. საზოგადოების უმრავლესობის განწყობა არის პოზიტიური. გახარია არის გაწონასწორებული, თავშეკავებული, განათლებული და მოწესრიგებული მინისტრი. ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა გახარიას გადადგომა, ამით მხოლოდ ისინი იხეირებდნენ იმის დემონსტრირებისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, მათ შესწევს ძალა, წამყვანი მინისტრი გადააყენონ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ამასთან, „ქართული დასის“ ლიდერის თქმით, გაუგებარი იყო ლევან იზორიას მინისტრობა და შესაბამისად, მისი შეცვლაც ლოგიკურია.

ბაღათურიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში დაბრუნება არის განაცხადი, რომ კოაბიტაციის პერიოდი დასრულდა.

„ლევან იზორია ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მინისტრი აღმოჩნდა, ასევე მისი საქმიანობა. იზორიას წასვლით ეს მთავრობა არაფერს დაკარგავს. გომელაური ასევე ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ იყო გაწონასწორებული და ადეკვატური ფიგურა. შეარჩიეს ძლიერი ფიგურა და ამ ძლიერ ფიგურებს დაეყრდნობა ალბათ „ქართული ოცნების“ მთელი სტრატეგია. ღარიბაშვილი 2012 წლის „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება, მაშინ ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურა იყო. მისი დაბრუნებით პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სურს, გააკეთოს განაცხადი, რომ ე.წ. ყბადაღებული კოაბიტაციის პერიოდი დასრულდა“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. თავის მხრივ, გიორგი გახარიამ მთავრობაში გარკვეული საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელი  ვახტანგ  გომელაური, თავდაცვის მინისტრად  – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან იზორია კი, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობას დაიკავებს. ამასთან, ჯერ უცობია, ვინ გახდება სუს-ის ახალი ხელმძღვანელი.