ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ოპოზიციის ორგანიზებულ აქციებს არ შეუერთდება
ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ოპოზიციის ორგანიზებულ აქციებს არ შეუერთდება

„ქართული დასი“ ოპოზიციის ორგანიზებულ აქციებს არ შეუერთდება. ჯონდი ბაღათურიას თქმით, პროტესტში, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობს, თავის თავს ვერ ხედავს.

საკუთარ საარჩევნო და სამომავლო გეგმებზე ჯონდი ბაღათურია ბრიფინგის გამართვას ორშაბათს გეგმავს.

„ვცდილობთ, გავაერთიანოთ დაქსაქსული კონსერვატიული ძალები და შევქმნათ ეროვნული ფრონტი. მოსახლეობის 80% არის სწორედ ამ განწყობაზე და არ ჰყავს ლიდერი და დამაორგანიზებელი ძალა. სწორედ ასეთ ძალას შეუძლია, ქვეყანა გაათავისუფლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თეატრალიზებული ისტერიკისგან და ქვეყანას მისცეს განვითარების შანსი „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარეშე. ბევრი ჩვენი კოლეგა, რომელიც ჩვენი თანამოაზრეა და ბევრი საერთო გვაქვს, სამწუხაროდ შეუერთდა ამ აქციებს. ჩვენ ვერ ვხედავთ საზოგადოების კონსოლიდაციის პერსპექტივას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ხალხი არ ენდობა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომც მოვახერხოთ საზოგადოების კონსოლიდაცია, სააკაშვილი გამოიყენებს ამ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი თავის გასარეცხად და შემდეგ ეცდება შემოიტანოს განხეთქილება ამ სრულიად გაუგებარ, ეკლექტურ ერთობაში და გამოიყენოს პოლიტიკური ლიდერები თავისი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები სრულიად არარეალისტური და არარაციონალურია. როგორც ბაღათურია აცხადებს, პროპორციული არჩევნების მოთხოვნა სამართლიანია, თუმცა ვადამდელი არჩევნებისთვის ოპოზიცია მზად არ არის.

„დრო მუშაობს ჩვენზე და მუშაობს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ. რატომ უნდა მოვითხოვოთ ნაადრევი არჩევნები, ვინ არის ახლა მზად? ხომ გვჭირდება დრო ორგანიზებისთვის? რაც შეეხება დროებით მთავრობას, როდესაც ქუჩაში ვერ აგროვებ 200 და თუნდაც 500 კაცზე მეტს და ამ დროს პოლიტიკური სპექტრის 99% ხართ მობილიზებული, ასეთ დროს დროებითი მთავრობის შექმნაზე ლაპარაკი არ გამოიყურება პერსპექტიულად.

ეს წამოწყება, რომელსაც ჩემი კოლეგები რატომღაც  პერსპექტიულად მიიჩნევენ, მალე გამოჩნდება, რომ არის უპერსპექტივო და შემდგომში ჩვენ გვექნება საშუალება, გავაგრძელოთ ჩვენი დიალოგი კოლეგების იმ ნაწილთან, რომლებიც ახლა მოძრაობას მიუერთდნენ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.